"მზია ამაღლობელის დაკავებით "ოცნებამ" მოგვცა სიგნალი, რომ მან ჩვენი პროფესია დააპატიმრა" - სოფო ზურაბიანი
"მზია ამაღლობელის დაკავებით "ოცნებამ" მოგვცა სიგნალი, რომ მან ჩვენი პროფესია დააპატიმრა" - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა, სოფო ზურაბიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
ტელეწამყვანი მიიჩნევს, რომ გამოცემა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორს ხელბორკილები მიზანმიმართულად დაადეს - "სისტემამ გამორჩეულად დააკავა მზია ამაღლობელი".
სოფო ზურაბიანი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის რეჟიმი ბრძოლას წააგებს და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებები აღსრულდება.
მგონია, რომ სისტემამ კარგად იცოდა, ვინ დააკავა. მიზანმიმართულად, გამორჩეულად დააკავეს მზია ამაღლობელი, რომელზეც ერთმნიშვნელოვნად მთელი მედია საზოგადოება თანხმდება, რომ "ნეტგაზეთი" და "ბათუმელები" ნდობასთან ასოცირდება. სისტემამ გამორჩეულად დააკავა მზია ამაღლობელი. ამით ყველა ჩვენგანს მოგვცა სიგნალი, რომ მისთვის აღარ არის წითელი ხაზი. მან დააპატიმრა ჩვენი პროფესია.
მზიაა დღეს ციხეში, მაგრამ ყველა ჩვენგანი, ამ პროფესიის მომავალი ციხეშია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე არ დასრულდება. ეს არის რუსეთი. ივანიშვილის რეჟიმი გვეუბნება, რომ თქვენ რუსეთში გაიღვიძეთ, სადაც მედია დაპატიმრებული არისო. მზია ამაღლობელს რა უნდა ციხეში? ის წლებია სისტემას ებრძვის, მათ შორის, სხვადასხვა ხელისუფლების დროს აჭარაში. არცერთ ხელისუფლებას არ გაუბედავს მისი დაპატიმრება და გაბედა თვითმარქვია ხელისუფლებამ, ივანიშვილის რეჟიმმა. ის ცალსახად არის ამ რეჟიმის პატიმარი. ამას არ შეეგუება არავინ. ამ ბრძოლას წააგებს ივანიშვილის რეჟიმი. მას ეს არ გაუვა", - ამბობს სოფო ზურაბიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს - ადგილზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.
პროტესტის რეჟიმში გადასული ჟურნალისტები არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებასაც მოითხოვენ.
"მედიასთან ომს ვერ მოიგებთ" - სკანდირებენ პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები, რომელთაც ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი შინაარსით, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი.