"თავისუფლება მზია ამაღლობელს, გათავისუფლდეს ირაკლი დგებუაძე" - ჟურნალისტების პროტესტმა პროკურატურასთან გადაინაცვლა
"მედიასთან ომს ვერ მოიგებთ" - კრიტიკული მედიის წარმომადგენლების პროტესტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან პროკურატურასთან გადაინაცვლა.
მიკროფონების ნაცვლად ჟურნალისტებს ხელში დღეს საპროტესტო ბანერები უჭირავთ და როგორც "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, ასევე არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.
ფოტო - IPN
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.