თბილისის პარალელურად, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია ბათუმშიც გაიმართა
თბილისის პარალელურად, გამოცემა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მხარდასაჭერი აქცია ბათუმშიც გაიმართა - ჟურნალისტები პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ და რეჟიმის პატიმარ მზია ამაღლობელს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
პროტესტის რეჟიმში გადასული კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მოთხოვნა ორია - გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებულ პოლიციის მაღალჩინოსანს, ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერონ.
ირაკლი დგებუაძე ცდილობდა მზია ამაღლობელის ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ ირაკლი დგებუაძე გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. მე პირადად მისგან ისეთი გინება მოვისმინე ჩემი მისამართით, რომელიც დღემდე არ მქონდა მოსმენილი არავისგან", - ამბობს ეთერ თურაძე.
"მედიასთან ომს ვერ მოიგებთ" - კრიტიკული მედიის წარმომადგენლების პროტესტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან პროკურატურასთან გადაინაცვლა.
მიკროფონების ნაცვლად ჟურნალისტებს ხელში დღეს საპროტესტო ბანერები უჭირავთ და როგორც "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, ასევე არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.