ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს

17.01.25 18:14
ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს

ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეოებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებას.

ოლიგარქის პრემიერი ირწმუნება, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია.

„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადებას, ყველაფერი დღესავით არის ნათელი. იცით, რომ შესაბამისი პროექტი არის ინიციირებული ბრიტანეთის თემთა პალატაში, რა თქმა უნდა, თუ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია. იცით, რომ დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი. ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით მე-17-საუკუნეში დიდ ბრიტანეთში შეიქმნა პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების განვითარებას. სხვათა შორის ეს უფლებები უკავშირდებოდა საპროცესო, ძირითადი უფლებების განვითარებას. დღეს, ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე მიმდინარეობს საუბრები ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ გარდატეხაში. ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდ ბრიტანეთს, ამ ტრადიციული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თვალში, რაც არის სამწუხარო. ეს არის ერთგვარი ტრაგიკული მოვლენა“,- განაცხადა კობახიძემ.

გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ.