რეპრესიები გრძელდება - 54-ე საჯარო სკოლის მეტყველების და ენის თერაპევტი სამსახურიდან გაათავისუფლეს

18.01.25 11:33
რეპრესიები გრძელდება - 54-ე საჯარო სკოლის მეტყველების და ენის თერაპევტი სამსახურიდან გაათავისუფლეს

საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება - სამსახურიდან გათავისუფლებულია 54-ე საჯარო სკოლის მეტყველების და ენის თერაპევტი. ლევან კოჭლამაზაშვილს დირექტორმა მოულოდნელად შეატყობინა, რომ  მას შრომითი კონტრაქტის ვადა ამოეწურა და სკოლაში აღარ უნდა მისულიყო. 

"პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში კოჭლამაზაშვილი იხსენებს დირექტორის სიტყვებსაც, რომ თითქოს, მისი სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთი საფუძველი მშობლების მიმართვა გახდა.

პედაგოგი დარწმუნებულია, რომ მიზეზი მისი სამოქალაქო აქტივიზმია, რადგან კოჭლამაზაშვილი უკვე 51 დღეა ყოველ საღამოს რუსთაველზე დგას, გმობს რეჟიმის მოქმედებებს, ითხოვს ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

დამიკავშირდა 54-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ქეთევან ჩოქური, სადაც მე ვმუშაობდი მეტყველებისა და ენის თერაპევტად. შემატყობინა, რომ გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. მოიმიზეზა ხელშეკრულების ვადის ამოწურვა და მშობლების მიმართვა. ის ბავშვები, ვისაც მე ვემსახურებოდი ამ სკოლაში, მათ მშობლებს დავუკავშირდი და გადავამოწმე, რამდენად შესაბამებოდა სიმართლეს ის მიზეზი, თითქოს, მათი მიმართვა ყოფილიყოს ჩემი გათავისუფლების მიზეზი, რაც მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა.

შარშან, ავტომატურად განახლდა ხელშეკრულება, როდესაც მივედი და ჩემი სამუშაო დროის დამოწმებაზე ვაწერდი ხელს, ბარემ აქაც მოაწერე ხელი ხელშეკრულება განახლდებაო და თუ შეწყვეტა უნდოდათ, მათ წინა სემესტრში, რომელიც 29- დეკემბერს დამთავრდა, შეეძლოთ იქამდე ეთქვათ. რა თქმა უნდა, მე ვუკავშირებ ჩემს გათავისუფლებას მიმდინარე აქციებს, რადგან აქტიურად ვმონაწილეობ 51 დღეა. არცერთი ღონისძიება არ გამომიტოვებია'',- ამბობს ლევან კოჭლამაზაშვილი.