ბათუმელი მედროშე იზოლატორში შიმშილობს - შსს-ს ბრალის წარდგენის ვადა ეწურება
პროტესტის ნიშნად, ბათუმელმა მედროშემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - უკვე მესამე დღეა, თემურ ქათამაძე საკვების მიღებაზე უარს აცხადებს და ორგანიზმს მხოლოდ წყალს აწვდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს ეწურება ვადა, რომ თემურ ქათამაძეს, რომელიც 16 იანვარს ხელმეორედ დააკავეს, ბრალი წარუდგინოს და მის საქმეზე უშუალოდ სასამართლომ იმსჯელოს.
მისი უფლებადამცველის ცნობით, ბათუმის აქციებში აქტიურად ჩართული მოქალაქისთვის ამ დრომდე არ განუმარტავთ, რის გამო დაადეს ხელბორკილები მეორედ.
ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ თემურ ქათამაძე მისი დაკავების ფაქტს სამოქალაქო პოზიციასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულობას უკავშირებს.
16 იანვარს მოხდა მისი განმეორებით დაკავება, ამის შემდეგ შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს. აპირებს, რომ უწყვეტად გააგრძელოს პროცესი. მისი პირველადი დაკავება უკავშირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაზე მის დაკავებას, რიოს შედეგადაც 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ორგანიზაციის მეშვეობით, ეს გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. განმეორებით დაკავების დროს, როდესაც ის გათავისუფლების თანავე იზოლატორში შეაბრუნეს, სრულყოფილად არ განუმარტეს დაკავების საფუძვლები, გასაჩივრების წესი მის უფლებებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, დღემდე ოფიციალური დოკუმენტი შსს-სგან არ ჩაბარებია. თემურ ქათამაძე 2012 წლიდან ცხოვრობს მუდმივად საქართველოში. ამჟამად დადგა გაძევებასთან დაკავშირებული საკითხის წინ წამოწევა, რომლის სამართლებრივი საფუძვლების და ოფიციალური განმარტება მას არ ჩაბარებია. ვუკავშირებთ მის აქტივობას პოლიტიკურ პროცესებში", - ამბობს უფლებადამცველი.
ცნობისთვის, ბათუმის აქციის მთავარი მედროშე თემურ ქათამაძე, თავდაპირველად, 11 იანვარს 173-ე მუხლით აქციაზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 14 იანვარს სასამართლომ ქათამაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თემურ ქათამაძე უკანონო პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, 16 იანვარს ისევ დააკავეს.