მიიღებს თუ არა სააპელაციო მზია ამაღლობელის საქმეს წარმოებაში - მეორე ინსტანციას 5 საათზე ნაკლები რჩება

18.01.25 13:49
მიიღებს თუ არა სააპელაციო მზია ამაღლობელის საქმეს წარმოებაში - მეორე ინსტანციას 5 საათზე ნაკლები რჩება

როდის დაიწყებს სააპელაციო სასამართლო გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის საქმის განხილვას? - უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეზე იურისტებმა მეორე ინსტანციაში სარჩელი 15 იანვარს შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, მიიღებს თუ არა წარმოებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს.

5 საათზე ნაკლები რჩება იმისთვის, რომ დადგინდეს, გააღებს თუ არა მოსამართლე სხდომათა დარბაზის კარს და შეცვლის თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რომელიც მზია ამაღლობელის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებას გულისხმობს. 

კრიტიკული ჟურნალისტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს მიიღებს წარმოებაში და შემდეგომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოზიციას გაიზიარებს, ეს მიკერძოებული გადაწყვეტილება იქნება. 

ჩვენ მივმართეთ სასამართლოს 15 იანვრის, დაახლოებით ექვს რომ აკლდა 15 წუთი მაშინ შევიტანეთ საჩივარი და დღეს სრულდება, ასევე ამ დროს. სასამართლოსგან ველოდებით იმას, რომ თუ იმსჯელებს გარემოებებზე დაყრდნობით, არსებული მხარის პოზიციას თუ გაიზიარებს, უნდა შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება. პატიმრობის საფუძველი რეალურად არ არსებობს, შეთავაზებულია გირაო და სხვა შემზღუდველი ღონისძიებები. შესაბამისად, ყველა რისკი, რაც შეიძლება არსებობდეს აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, არის გადაზღვეული. თუკი კვლავ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მსგავსად დარჩება იგივე აღკვეთის ღონისძიება, ეს იქნება კვლავ მიკერძოებული გადაწყვეტილება და ბრალდებულის მხარის პოზიციის გაგრძელება სასამართლოს მხრიდან'', - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.