თუ სააპელაციო სარჩელს არ დაგვიკმაყოფილებს, შემდეგ გადავწყვეტთ, მზიას თავისუფლებისთვის რა აქტივობები გავაგრძელოთ - მთივლიშვილი
გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორს მისივე კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ და მოითხოვენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოზიცია არ გაიზიაროს და დაკავებულ ჟურნალისტს აღკვეთი ღონისძიების სახე შეუმსუბუქოს.
"მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი აანონსებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ინსტანციის სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს, მზია ამაღლობელის მეგობრები, კოლეგები და მხარდამჭერები უფრო ეფექტურ მოქმედებაზე გადავლენ.
ძალიან გვინდა, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს მზიასთვის შეფარდებული პატიმრობა აღკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით. მთელი სასამართლო არის მიკერძოებული და პოლიტიზებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთხოვ ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველაფერი და მზიას პატიმრობა შეუცვალოს. თუ მზია დარჩა პატიმრობაში და მისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების სახე არ შეიცვალა, ამის შემდეგ გადავწყვეტთ მისი კოლეგები და მეგობრები, რა აქტივობებს გავაგრძელებთ მზიას თავისუფლებისთვის", - ამბობს გელა მთივლიშვილი.
როდის დაიწყებს სააპელაციო სასამართლო გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის საქმის განხილვას? - უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეზე იურისტებმა მეორე ინსტანციაში სარჩელი 15 იანვარს შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, მიიღებს თუ არა წარმოებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქმეს.
5 საათზე ნაკლები რჩება იმისთვის, რომ დადგინდეს, გააღებს თუ არა მოსამართლე სხდომათა დარბაზის კარს და შეცვლის თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რომელიც მზია ამაღლობელის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებას გულისხმობს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.