"ყველაფერი მიდის ზუსტად იმ სცენარით, როგორც მიდიოდა რუსეთში" - კაკაბაძე

18.01.25 14:11
"ყველაფერი მიდის ზუსტად იმ სცენარით, როგორც მიდიოდა რუსეთში" - კაკაბაძე

"ყველაფერი მიდის ზუსტად იმ სცენარით, როგორც მიდიოდა რუსეთში" - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე "პირველებთან" აცხადებს და მზია ამაღლობელის დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება. 

ჟურნალისტი მისსავე კოლეგას მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ახლა მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უკანონოდ დაპატიმრებულებს საპყრობილის კარი გაუხსნან. 

ყველაფერი მიდის ზუსტად იმ სცენარით, როგორც მიდიოდა რუსეთში. ყველაფერი განმეორდება ისე, როგორც ეს იყო რუსეთში. ჩვენ არ გვჭირდება მკითხაობა, რა იქნება. ჩვენ უნდა ჩავხედოთ რა იყო რუსეთში და გადმოვიტანოთ იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც იყო რუსეთში, იგივე მეორდება'', - ამბობს ნინია კაკაბაძე.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.