შსს-ს თანამშრომლებმა "ძლიერი საქართველოს" შტაბი დატოვეს - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა

18.01.25 17:10
შსს-ს თანამშრომლებმა "ძლიერი საქართველოს" შტაბი დატოვეს - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შტაბი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დატოვეს. 

გომელაურის უწყების თანამშრომლები ადგილიდან ისე წავიდნენ, რომ ანგარიშსწორების თვითმხილველები არც კი გამოუკითხავთ, საგამოძიებო მოქმედებებიც არ ჩაუტარებიათ და არ ამოუღიათ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები. 

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმის პროცესში ერთ-ერთ პროვოკატორს ხელიდან დანა გაუვარდა და ახლა ის პოლიტიკური გაერთიანების ოფისში ინახება.

ხაზგასასმელია, რომ თავდამსხმელებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც ადგილზე საპოლიციო ძალები მივიდნენ. მეტიც, როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, შსს-ს თანამშრომლებმა ანგარიშსწორებაში ჩართული პირები ადგილიდან "გააცილეს". 

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შტაბთან პროვოკატორები მიაგზავნეს.  როგორც პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს უცნობი პირები დახვდნენ, რომლებიც დანითა და ქვებით იყვნენ აღჭურვილები.

ვიდეოკადრებში, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს, რომ ერთ-ერთი პროვოკატორი ადგილზე მყოფ მეორე პირს თავს ესხმის და ქვას ესვრის. 

"ბუაძე, დედას მოგ****ავ" - ისმის ვიდეოში.