45 დღე ოლიგარქის რეჟიმის ტყვეობაში - ანდრო ჭიჭინაძის ყველაზე რთული როლი და მსახიობის გარეშე გაჩუმებული თეატრი
მარტო ჩვენ ხო არ ვართ, შვილი ჰყავს, ძმა, მეგობრები და ყველასთავის უნდა ცოტ-ცოტა დაილაპარაკოს. ვერც ვასწრებ ვერაფრის თქმას, ერთადერთი ხმაზე ვაკვირდები როგორ ხასიათზე. ეს ხმა ამ მამშვიდებს ან მაფორიაქებს - ეს იმ დედის სიტყვებია, რომლის შვილიც 45 დღეა, ოლიგარქის რეჟიმს გლდანის ციხის E კორპუსში, 66-ე საკანში ჰყავს გამომწყვდეული.
ანდრო ჭიჭინაძის სცენაზე შესასრულებელი მონოლოგი 45 დღეა, დუმილში იკარგება. რეჟიმის ტყვე მსახიობი ახლა მისი ცხოვრების ყველაზე რთულ როლს თამაშობს - როლს, რომელსაც საკუთარ თავთან ბრძოლა ქვია.
ნიკო, ანდრო ჭიჭინაძის სამი წლის ვაჟი, ახლა ყოველდღე ელოდება როდის დაბრუნდება მამა გადაღებებიდან. ეუბნებიან, რომ მამა საფრანგეთშია და იქედან უგზავნის საჩუქრებს.
ბოლო ხანები კითხულობს, როდის უნდა ჩამოვიდეს ბაბიკო. ასე ეძახის მამას. არ უნდა მოვიდეს ბაბიკო?! - მარტო ამას კითხულობს. მოენატრა ბაბიკო... აი, ოთახთან მიდის, დგას და ოთახის კარს უყურებს"- ამბობს ანდროს დედა.
გლდანის ციხე 66-ე საკანში ანდრო ჭიჭინაძე კიდევ სამ პატიმართან ერთად იყოფს სივრცეს. ანდროს მსგავსად მისი ერთი თანამოსაკნე ასევე აქციაზე დაკავებულია, ისიც საქართევლოს ევროპული მომავლისთის იბრძოდა. საკანში როგორც ირკვევა, სამი ტელევიზორი აქვთ, უყურებენ ყველა არხს და ყველა გადაცემას, მაგრამ ანდროს კინო აკლია.
28 წლის მსახიობის დაჭერის შემდეგ არ გასულა დღე, რომ ანდროს კოლეგებს მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება არ მოეთხოვათ - ისინი უპრეცედენტო მხარდაჭერას აჩვენებენ.
"ახალ თეატრში" გაფიცვის გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს, ყველა რეპეტიცია შეწყდა, ყველა წარმოდგენა გაუქმდა, დასი ქუჩაში დადგა.
ანდროს პატიმრობის გამო, შეჩერებულია სერიალ "ცვალებადი ნიშნების" გადაღებები. ახალგაზრდები, რომლებიც ახლა გადასაღებ მოედანზე უნდა იდგნენ, ტირანიას ქუჩაში აპროტესტებენ.
როცა ქვეყანაში უსამართლობის შეგრძნებაა, არც კომედიის თამაშის დროა და არც ტრაგედიის. ამიტომ ხელოვანები მაყურებელთან ერთად სამართლიანობის დასაბრუნებლად ყველაზე დიდ სცენაზე რუსთაველის გამზირზე დგანან.
გაჩუმებული თეატრი ახლა იმ დღეს ელოდება, როცა დაცარიელებული დარბაზები ისევ ხმებით აივსება. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ის ერთი კაცი მიხვდება ვინ გადაიმტერა.