მზია ამაღლობელის ადგილი არის მისი გამოცემების რედაქციაში და არავითარ შემთხვევაში საპატიმროში - დიანა ტრაპაიძე
“ტვ პირველის“ პოლიტიკური ამბების წამყვანი დიანა ტრაპაიძე მიიჩნევს, რომ “ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა “არის სრული უკუ სვლა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ამ პროფესიისთვის.“
ტრაპაიძის თქმით, მზია უნდა იყოსთავისუფალი, რადგან “ის არის იმ ტიპის ჟურნალისტი, რომლის ადგილიც არის მისი გამოცემების რედაქციაში და არავითარ შემთვევაში საპატიმროში.“
“მისთვის წინასწარი პატიმრობა არის წარმოუდგენელი“, - ამბობს ჟურნალისტი.
ყველა დღე, როცა მზია არის პატიმრობაში, ეს არის სრული სვლით უკან, ქვეყნისთვისაც და ამ პროფესიისთვისაც. ჩვენ დღეს აქ მოვედით გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ვინაიდან, სასამართლო დარბაზი, როდესაც პოლიტიკური ინტერესია, არ არის გადაწყვეტილების მიღების ადგილი. მინდა, ვთხოვო, გავაპროტესტო, მოვითხოვო, რომ მზია იყოს თავისუფალი, ის არის იმ ტიპის ჟურნალისტი, რომლის ადგილიც არის მისი გამოცემების რედაქციაში და არავითარ შემთხვევაში საპატიმროში. მე მინდა, მოვიკითხო მზია და სრული სოლიდარობა გამოვუცხადო მას. ის ყველა დროში იყო პოლიტიკური ინტერესებისგან დისტანცირებული ჟურნალისტი, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად, თავის საქმეს აკეთებდა.
მზია უნდა იყოს თავისუფალი, მისთვის წინასწარი პატიმრობა არის წარმოუდგენელი, ის არც პასუხისმგებლობას გაურბოდა, არც მიმალვას აპირებდა. მე ვეყრდნობი იურისპუდენციაში ჩემთვის სანდო ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იყო რეაქცია შეურაცხყოფაზე და სილის გაწვნა არ ჯდება იმ ფორმულირებაში, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს“, - აცხადებს ტრაპაიძე.
მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში ჟურნალისტები არიან შეკრებილნი- მედია გამოცემა “ბათუმელების“ დამფუძნებლის უკანონო პატიმრობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეები კობახიძესთან შესახვედრადდ მისულ ე. წ. მინისტრებს შეძახილებით აცილებენ - “გაათავისუფლე მზია ამაღლობელი“,
“ჟურნალისტის დაჭერა პირდაპირი შეტევაა მედიის თავისუფლებაზე“ - აცხადებენ მთავრობის ადმიინსტრაციასთან მოსულები და რეჟიმს რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
მომიტინგეებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ-თანამდებობა უნდა დატოვოს ბათუმის პოლიციიის მაღალჩინოსანმა ირაკლი დგებუაძემ.