ოლიგარქის განსაცდელი - “ივანიშვილს ცუდი და ძალიან ცუდი არჩევანი აქვს“

20.01.25 15:26
ოლიგარქის განსაცდელი - “ივანიშვილს ცუდი და ძალიან ცუდი არჩევანი აქვს“

ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს შვეიცარულმა ბანკმა ანგარიშები გაუყინა, რის გამოც ოლიგარქი Julius Baer სასამართლოში უჩივის.

ფინანსისტები ამბობენ, რომ ივანიშვილის მხრიდან შვეიცარული ბანკისთვის სასამართლოში ჩივილი “ფუჭი დროის კარგვაა,“ რადგან ბანკი მოქმედებს მაღლი სტანდარტით, ეყრდნობა ამერიკულ სანქციებს და ის ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს.

გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ “ივანიშვილის მცდელობები, რომ დაიცვას საკუთარი ქონება, წარუმატებელი იქნება.“

“კარგი არჩევანი და გამოსავალი არ აქვს, აქვს ცუდი და ძალიან ცუდი არჩევანი“, - ამბობს ბედინეიშვილი.

ბანკი იძულებულია, რომ სანქციები გაუვრცელოს ივანიშვილის ოჯახის წევრებს და არ მგონია, რომ რომელიმე სასამართლომ გაამტყუნოს Julius Baer მაგისთვის. რა დარჩენია ივანიშვილის გარდა იმის, რომ იდავოს ყველგან, რაც სასამართლო გზით იაროს. მისი მცდელობები, რომ დაიცვას საკუთარი ქონება, წარუმატებელი იქნება. ჟარგონულად რომ ვთქვათ „ფაფხურობს“, კარგი არჩევანი და გამოსავალი არ აქვს, აქვს ცუდი და ძალიან ცუდი არჩევანი. იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ქონება, მზადაა ქვეყანა სანაგვეზე გადააგდოს. ჩვენ ყველანი გაგავაცამტვეროს ეკონომიკურად იმისთვის, რომ თვითონ გადარჩეს. ესეთი დონის ღალატი ჩვენს თვალწინ ვითარდებოდეს და ამაზე ჩუმად ვიყოთ, მე მგონი შეუძლებელია“, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის - ამის შესახებ განცხადებას მისი ადვოკატი ლაშა კალანდაძე ავრცელებს.

ირკვევა, რომ  ბანკმა აშშ-ის სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებზეც განავრცო.

Julius Baer არის ბანკი, სადაც ოლიგარქმა Credit Suisse-სთან დავის შემდეგ აქტივების დიდი ნაწილი გადაიტანა.

ლაშა კალანდაძის მტკიცებით, ივანიშვილს Julius Baer-თან პრობლემები სანქციების დაწესებამდეც ჰქონდა, "რადგანაც ბანკმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა ანგარიშის შეჩერების მოთხოვნით იქიდან გამომდინარე, რომ ის პოლიტიკურად აქტიურ პირს წარმოადგენდა. აშშ-ის სანქციების შემდეგ კი ბანკმა ივანიშვილის ოჯახის წევრების ანგარიშების მომსახურებაც შეაჩერა".