"შემდეგ აქციაზეც აუცილებლად ნიღბით ვიქნები" - გურამ მაცხონაშვილის პირველი კომენტარი

20.01.25 21:51
"შემდეგ აქციაზეც აუცილებლად ნიღბით ვიქნები" - გურამ მაცხონაშვილის პირველი კომენტარი

 

 

გურამ მაცხონაშვილი, რომელიც მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2 000 ლარით დააჯარიმა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

რეჟისორი კამერების წინ აცხადებს, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები ავტორიტარიზმში ცხოვრობენ, რომლის წინააღმდეგაც გალაშქრება თავისუფლებისთვის მებრძოლი თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. 

"ნიღბები და ის მარშიც იყო ამის დემონსტრირება" - ამბობს გურამ მაცხონაშვილი და აანონსებს, რომ "ოცნების" უდიპლომო პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ რეპრესიულ კანონებს არ დაემორჩილება - "შემდეგ აქციაზეც ნიღბით ვიქნები".

ვცხოვრობთ ავტორიტარიზმში და ავტორიტარიზმში მნიშვნელოვანია, რომ წინააღმდეგობა იყოს მკაფიო, იყოს ცალსახა, არ ექვემდებარებოდეს ინტერპრეტაციას. ნიღბები და ის მარშიც იყო ამის დემონსტრირება. ნიღბები იქნება წინააღმდეგობის ის მინიმალური სიმბოლო, რომელიც შენარჩუნდება მომავალშიც. შემდეგ აქციაზეც აუცილებლად ნიღბით ვიქნები გამოცხადებული. არალეგიტიმური შსს-ს მოთხოვნას, დაკმაყოფილებულს მათ დაქვემდებარებაში მყოფი სასამართლოს მიერ, არ ვემორჩილები. შესაბამისად, ეს ჯარიმაც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, ძალიან სასაცილო. ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. ეს არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც შემიძლია", - განაცხადა რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა.

ცნობისთვის, გურამ მაცხონაშვილი 18 იანვარს, თემქის პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 5 პირთან ერთად დააკავეს. დღეს კი რეჟისორი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მსგავსი სიახლეები