"ავერიეთ სხვა პირში, რომელიც ფეიერვერკს ისროდა" - ოთარ კვარაცხელია დაკავების დეტალებს იხსენებს

20.01.25 22:06
"ავერიეთ სხვა პირში, რომელიც ფეიერვერკს ისროდა" - ოთარ კვარაცხელია დაკავების დეტალებს იხსენებს

ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე, რომლებიც გომელაურის დანაყოფმა 18 იანვარს შეცდომით დააკავა, ხელბორკილების დადებისა და განყოფილებაში გადაყვანის მომენტს იხსენებენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2 200 ლარით დაჯარებული ახალგაზრდები მედიასთან ყვებიან, რომ შსს-ს თანამშრომლებს იმ პირში აერიათ, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს პიროტექნიკას იყენებდა. 

"სხვა პირის დაჭერა უნდოდათ და მის ნაცვლად დამაკავეს მე" - ამბობს ოთარ კვარაცხელია. 

ავერიეთ იმ პირში, რომელმაც ფეიერვერკი ისროლა მანიფესტაციის დროს. პიროვნებას ეცვა იგივე ფერის პლაში, რაც მეცვა მე. ერთი ორჯერ მოხდა ჩემი აყვანა და მეუბნებოდნენ, გინდა თუ არა ის პიროვნება ხარ, რომელმაც ისროლა ფეიერვერკიო. მე არ მისვრია ეგ ფეიერვერკები. მაგ პირის დაჭერა უნდოდათ და მის ნაცვლად დამაკავეს მე'', - ამბობს ოთარ კვარაცხელია. 
 

სწორედ იმავე სცენარს იხსენებს რატი ტყემალაძეც, რომელიც აცხადებს, რომ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა უცაბედად მანქანაში ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

არ ეცვათ არანაირი ფორმა, არ ჰქონდათ არანაირი მნიშვნელი, რითაც მივხდებით, რომ იყვნენ პოლიციელები. შესაბამისად, ჩვენში გამოიწვია შიში და რაღაც მომენტში გავიქეცით. როგორც კი გვითხრეს, რომ პოლიცია იყო, დავემორჩილეთ მერე მათ მოთხოვნას. რაღაც მომენტში, ისიც გაუგებარი იყო, სად მივყავდით იმიტომ, რომ მანქანა, სადაც ჩაგვსვეს, პოლიციის არ იყო,  შესაბამისად ვნერვიულობდით და გვეშინოდა, რა მოხდებოდა არ ვიცოდით. იქ გვედავებოდნენ, ისეთ რაღაცებს, რაც არ გაგვიკეთებია, საბოლოო ჯამში ჯარიმა დაგვიწერეს'', - ამბობს რატი ტყემალაძე.

შეგახსენებთ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდმარღვევად ცნო და მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 200-2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე 18 იანვარს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დააკავეს, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174- პრიმა მუხლითა და 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას გულისხმობს, რაც ნიღბის ტარების აკრძალვას მოიცავს. 

მსგავსი სიახლეები