ამერიკის სახით გვყავს მტკიცე მოკავშირე, ახალი არჩევნების შემდეგ, ჩვენ აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას - ხაზარაძე
"დღევანდელი დღე ისტორიულია შეერთებული შტატებისთვის. ვიცით, როგორია განწყობები ვაშინგტონში ივანიშვილის რუსული, არალეგიტიმური მთავრობის მიმართ" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამერიკის სახით საქართველოს ჰყავს მტკიცე მოკავშირე და მეგობარი - "ქვეყანაში ახალი არჩევნების შემდეგ, აუცილებლად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან".
დონალდ ტრამპი დღეს ოფიციალურად შეუდგა ამერიკის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და ამერიკისთვის ოქროს ხანა დააანონსა.
დღევანდელი დღე ისტორიულია შეერთებული შტატებისთვის და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
უკვე ვიცით, როგორია განწყობები ვაშინგტონში ივანიშვილის რუსული, არალეგიტიმური მთავრობის მიმართ, რაც არაერთხელ გაჟღერდა და დადასტურდა ოფიციალური პირების მხრიდან ჩვენთან შეხვედრისას.
თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ვიცით ახალი ადმინისტრაციის პოზიცია და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ვიცით, რომ ამერიკის სახით, გვყავს მტკიცე მოკავშირე და მეგობარი, ქვეყნის შემდგომი, დემოკრატიული განვითარების, თავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზაზე.
ახალი არჩევნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან'', - წერს მამუკა ხაზარაძე.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.
ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.