ივანიშვილის დეპუტატს რექტორად ირჩევენ - ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში აქციაა
აქცია ბათუმში - პროტესტის ეპიცენტრი ბათუმის უნივერისტეტია, სადაც დღეს რექტორის არჩევნებია დაანონსებული. კენჭისყრა ზუსტად 14:00 საათზე იწყება და ეს პროცესი დიდი აქციის ფონზე წარიმართება. რექტორის პოსტის დასაკავებლად ორი კანდიდატი - "ქართული ოცნების" დეპუტატი ტიტე აროშიძე და არჩილ გუჩმანიძე იბრძვიან.
აქციის მონაწილეების თქმით, აკადემიურ საბჭოში ერთ-ერთი გადამწყვეტი ხმა ტიტე აროშიძის ძმას ეკუთვნის. ასევე მათივე განცხადებით, ამ საბჭოში არიან "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ადამიანები, ამიტომაც ახლა ახალგაზრდები ცდილობენ ხმა გააგონონ აკადემიურ საბჭოს და უთხრან, რომ ტიტე აროშიძის არჩევა უნივერსიტეტში " ქართული ოცნების" დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.
სტუდენტების თქმით, ტიტე აროშიძე მათ ხშირად აკრიტიკებდა რუსული კანონის აქციების დროს და მათ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფასა აყენებდა.
უნივერსიტეტის ეზოში არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომელიც აღნიშნულ სასწავლებელში არ სწავლობენ - აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნებას" ადგილზე ტიტე აროშიძის დასაცავად "ტიტუშკები" ჰყავს მობილიზებული.
ჩვენ ვსაწვლობთ უნივერსიტეტში, რომელიც არის პარტაქტივის შტაბი და სადაც "ოცნების" წარმომადგენელს ტიტე აროშიძეს გვინიშნავენ რექტორად, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ჩვენი სტუდენტების მარგინალიზებას და გაშავებას. ამ სამარცხვინო ქმედებას ვაპროტესტებთ. ის ვერასდროს ვერ გახდება ჩვენი უნივერსისტეტის სახე და ის იქნება მუდამ ჩვენი უნივერსიტეტის სირცხვილი. ვხედავთ უნივერსიტეტის მიმდებარედ რამდენი "ტიტუშკაა" და მობილიზებული ჰყავთ იმისთვის, რომ დაიცვან არალეგიტიმური მომავალი რექტორი", - ამბობს სტუდენტი.