ხმაური ბათუმის უნივერსიტეტში - აქციის მონაწილეების თქმით, მათ "ტიტუშკები" დაახვედრეს
ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც "ოცნების" დეპუტატს რექტორად ირჩევენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა - სტუდენტებს ცოტა ხნის წინ თვითმმართველობის თავმჯდომრე ლიკა დისამიძე დაუპირისპირდა და აქციის მონაწილე თავისუფალ სტუდენტებს "ნაციონალები" ეძახა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ადგილზე მათ "ოცნების" ე.წ. ტიტუშკებიც დაახვედრეს, რომელიც თავს სტუდენტებად ასაღებენ.
სტუდენტების აქციას შეუერთდა ზოგიერთი პროფესორ-ლექტორიც, რომლებიც თვლიან, რომ უნივერსიტეტის რექტორად პარტიული პირის დანიშვნა მათთვის მიუღებელია.
რექტორის პოსტის დასაკავებლად ორი კანდიდატი - "ქართული ოცნების" დეპუტატი ტიტე აროშიძე და არჩილ გუჩმანიძე იბრძვიან.
აქციის მონაწილეების თქმით, აკადემიურ საბჭოში ერთ-ერთი გადამწყვეტი ხმა ტიტე აროშიძის ძმას ეკუთვნის. ასევე მათივე განცხადებით, ამ საბჭოში არიან "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ადამიანები, ამიტომაც ახლა ახალგაზრდები ცდილობენ ხმა გააგონონ აკადემიურ საბჭოს და უთხრან, რომ ტიტე აროშიძის არჩევა უნივერსიტეტში " ქართული ოცნების" დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.