მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველს პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ უამბო

21.01.25 14:43
მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველს პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ უამბო

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მოინახულა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იოსელიანმა ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ. 

სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.

"21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა, შეამოწმა მისი განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა; ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ისაუბრეს ასევე, ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე. 

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე - დროებითი მოთავსების იზოლატორში და შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაშიც მოინახულეს. 

მზია ამაღლობელს ეცნობა მის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შესახებ, რომლითაც სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.  

სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთი საჭიროების შემთხვევაში." ნათქვამია ინფორმაციაში.

ჟურნალ „ბათუმელების“  დამფუძნებლის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახველ მოპყრობაში  მხილებული ირაკლი დგებუაძე კარლო კაციტაძის უწყებას  ამ დრომდე არ გამოუკითხავს. 

ბათუმის პოლიციის შეფი, რომელსაც  რეჟიმის პატიმარი  ჟურნალისტი  არაადამიანურ მოპყრობაში ამხელს, ისევ თანამდებობაზე რჩება.

 

მსგავსი სიახლეები