მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პატიმრობაში დატოვა

21.01.25 15:41
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საპროტესტო აქციის დროს დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დარჩენის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები სახეზეა.

პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

ასევე, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები დაკავებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.

გარდა ამისა, უფლებადამცველებმა დღევანდელ პროცესზე თქვეს, რომ დაკავებულები დაკავებისას, როდესაც პირველ ეტაპზე მოწმის სახით გამკითხეს, ადვოკატებს გამოკითხვაზე დასწრების უფლება არ მისცეს. 

დაცვის მხარემ ასევე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თემურ ზასოხაშვილს სულ სხვა ოქმზე მოაწერინეს ხელი და არა იმაზე, რასაც გამომძიებელი უკითხავდა. 

ეს ფაქტი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავად ზასოხაშვილმაც დაადასტურა, თქვა, რომ იყო სასტიკად ნაცემი სპეცრაზმელების მიერ, თვალი და თავი გასიებული ჰქონდა, ვერ კითხულობდა იმას, რაც ოქმში ეწერა, რის გამოც გამომძიებელს სთხოვა, წაეკითხა ის, რაც ოქმში ეწერა, მოგვიანებით კი გაიგო, რომ სულ სხვა ოქმზე აქვს ხელი მოწერილი. 

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა დავით ლომიძე. მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმი და განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც ის პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებდა. ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ლომიძის თანამესაკნისგან, რომელმაც ციხე შეწყალების საფუძველზე დატოვა, მას აქვს ინფორმაცია, რომ ლომიძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, კერძოდ კი, ხერხემალი და ფეხი სტკიოდა.

უფლებადამცველმა ასევე მტკიცებულებების აბსურდულობაზეც ისაუბრა. 

3 გაუხსნელი პრეზერვატივი და ერთი გახსნილიო, ეს რატომ უნდა იყოს ბატონო, მოსამართლე საქმეში, თუ ეს ჩვენი დაცინვა არაა. სადაც რა ნახეს გამომძიებლებმა, ყველაფერი ჩაგვიყარეს საქმეში", - თქვა ადვოკატმა. 

მომდევნო სხდომა 4 თებერვალს 12 საათზე ჩაინიშნა. 

აქტივისტებს პოლიციელებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ედავებიან. დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

სხდომის დეტალები ნახეთ:

 

მსგავსი სიახლეები