დაკავებული აქტივისტის ადვოკატი: გამოძიებამ საქმეში პრეზერვატივები ჩადო
აქციაზე დაკავებული დავით ლომიძის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურამ აქტივისტის საქმეში ნივთმტკიცებად "პრეზერვატივები ჩადო".
უფლებადამცველმა ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ისაუბრა და ამით ხაზი მტკიცებულებების და საერთოდ საქმის აბსურდულობას გაუსვა.
3 გაუხსნელი პრეზერვატივი და ერთი გახსნილიო, ეს რატომ უნდა იყოს ბატონო, მოსამართლე საქმეში, თუ ეს ჩვენი დაცინვა არაა. სადაც რა ნახეს გამომძიებლებმა, ყველაფერი ჩაგვიყარეს საქმეში", - თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, დღეს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საპროტესტო აქციის დროს დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა დავით ლომიძე. მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმი და განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც ის პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებდა. ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ლომიძის თანამესაკნისგან, რომელმაც ციხე შეწყალების საფუძველზე დატოვა, მას აქვს ინფორმაცია, რომ ლომიძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, კერძოდ კი, ხერხემალი და ფეხი სტკიოდა.
მომდევნო სხდომა 4 თებერვალს 12 საათზე ჩაინიშნა.
აქტივისტებს პოლიციელებზე თავდასხმასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ედავებიან. დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.