ბასებს აუწიეთ, რომ სამყაროებს გასცდეს ჩვენი გულწრფელი თავისუფლების ძახილი - სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან
ბასებს აუწიეთ, რომ სამყაროებს გასცდეს ჩვენი გულწრფელი თავისუფლების ძახილი - ეს წერილი “ტვ პირველმა“ გლდანის ციხიდან, სინდისის პატიმარისგან მიიღო, რომელსაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროვება არ სურს.
“არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის და თავისუფლების წართმევის უფლებას“, - წერს სინდისის პატიმარი და ყველას მოუწოდებს, მედგრად იდგნენ, რადგან დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მაგრად იქნება.
გამარჯვება ჩვენ საყვარელ საქართველოს და ხალხს, რომელსაც სამშობლოს სიყვარული აერთიანებს. გვიყვარხართ, გვენატრებით და გვეამაყებით.
თქვენი ხმა ყველგან ისმის, თქვენი სიმღერა კედლებს ანგრევს, თქვენი ცეკვა კი დედამიწას აზანზარებს, ამ სიყვარულს აისბერგების გადნობაც კი შეუძლია. ჩვენ ყველას ერტი გულის ძახილი გვაქვს და ამ ცეცხლს, ვერცერთი ქარბუქი ვერ ჩააქრობს.
ერთი სული გვაქვს ჩაგეხუტოთ და ისევ თქვენს გვერდით ვიდგეთ, დარსა თუ ავდარში, ქარსა თუ წვიმასი, ცეცხლსა თუ თოვლში.
ჩვენი ლამაზი სამშობლო ხომ სწორედ ამ სიყვარულმა, ერთიანობამ და რწმენამ გადაარჩინა. არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის და თავისუფლების წართმევის უფლებას.
სასწაულები ხართ ყველანი, ანათებთ და ბრწყინავთ. თქვენ ხართ ჩვენი და ერთმანეთის საახალწლო საჩუქარები და შობის ბრწყინვალე იმედის ვარსკვლავებიც.
ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს, მოგიკითხავთ და გეხუტებით. გვიყვარხართ, გვენატრებით, ძლიერად იდექით. ჩვენ ხომ ერთი დიდი და უზარმაზარი ოჯახი გვყავს. ყველაფერი მაგრად იქნება. ყველას მადლობა წერილების, ტკბილეულის და გვერდში დგომისთვის. უმაგრესები ხართ.
და ბოლოს, ბასებს აუწიეთ, რომ სამყაროებს გასცდეს ჩვენი გულწრფელი თავისუფლების ძახილი, - ვკითხულობთ წერილში.