სასამართლოების სერია - ყველას, ვინც აქციაზე დგას, ან ციხეში უშვებენ, ან სოლიდურ ჯარიმებს აკისრებენ
აქტივისტი გიორგი მახარაძე, რომელიც სასამართლომ გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 ათასი ლარით დააჯარიმა, ამბობს, რომ გადაწყვეტილება უსამართლო იყო. მისი თქმით, ვიდეომტკიცებულებები, რომელიც სასამართლოზე იქნა წარდგენილი, საპირისპიროზე მეტყველებს.
კადრებში, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთანაა გადაღებული, ჩანს, რომ მოქალაქეები ნაძვის ხის წინ, ტროტუარზე დგანან, მათ წინ პოლიციის კორდონია. თავდაპირველად, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ტროტურიდან გადასვლის საშუალება არ აძლევენ, თუმცა შემდეგ თავად ინაცვლებენ გზის სავალ ნაწილზე და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილებას უზღუდავს. სწორედ ამის შემდეგ გადადიან გზის სავალ ნაწილზე მოქალაქეების.
აღნიშნული მტკიცებულებები მოსამართლემ უგულებელყო და მოქალაქე მახარაძე 5 ათასი ლარით დააჯარიმა.
მტკიცებულებებიდან, რაც წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ, იყო ორი ვიდეო. ერთი, რომ ვდგავარ უკვე გადაკეტილ გზაზე ხალხთან ერთად, ბევრი ხალხი იყო, მაგასაც მნიშვნელობა აქვს. და მეორე არის, რომ პოლიცია აჩერებს მოძრაობას, მანქანებს აბრუნებს და ამის შემდეგ ხალხი გადადის გზაზე. მთელი გუშინდელი პროცესი იყო ამის მტკიცება ჩვენი მხრიდან, რომ ჯერ ვერ ვიდენფიტიცირდები იმ მომენტში არც პოლიციის მოწმეები ყოფილან, რომ რამე ეთქვათ. ისე ჩაიარა პროცესმა, თითქოს დამაჯერებლად წარვადგინეთ თავი. მოსამართლე გავიდა არ ვიცი შესვენებაზე თუ მოსაფიქრებლად, განაჩენის გამოსაცხადებლად. გამოვიდა და დამნაშავედ მცნო. იმედგაცრუებას ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ მოლოდინი ამის იყო, მაგრამ იყო უბრალოდ დახარჯული დრო, იმიტომ, რომ წინასწარ დადგენილი სცენარი ჰქონდა და კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა, თუ რამდენად ფარსია ეს ყველაფერი. ამ მომენტში ქვეყანაში არცერთი ინსტიტუცია თავის როლს არ ასრულებს, - ამბობს გიორგი მახარაძე.
გზის გადაკეტვას კიდევ ერთ მოქალაქეს, გიორგი ტუმასიანს ედავებიან. მისი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
ტუმასიანი ავრცელებს ვიდეო და ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ ის დგას რუსთაველის გამზირზე. აქტივისტი ირწმუნება, რომ შსს-ს მისი საწინააღმდეგო ვიდეომასალა არ აქვს, რომელიც დაადასტურებს, რომ გზის გადაკეტვისთვის ხალხის საჭირო რაოდენობა იმ კონკრეტულ მომენტში არ იყო.
ჩემს წინააღმდეგ არის გახსნილი ორი ადმინისტრაციული საქმე 8 და 9 იანვრის შესახებ, რომ გადავკეტე გზა რუსთაველზე. ამის მტკიცებულებად წარმოდგენილია ფოტო და ვიდეომასალა. კამერების მეშვეობით ახდენენ იდენტიფიცირებას ყველა მანიფესტაციის მონაწილის, რაც მაძლევს ვარაუდს ვთქვა, რომ ეს უკვე ემსგავსება ჩინეთში არსებულ ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკს, სადაც ციფრული, ხელოვნური ინტელექტის კამერების მეშვეობით მოქალაქეებზე კონტროლი ხდება, - ამბობს ტუმასიანი.
დღესვეა ჩანიშნული მსახიობ ანა ტყებუჩავას სასამართლო პროცესიც, რომელსაც ასევე გზის გადაკეტვას ედავებიან.