საზღვარი არ გადაგვიკვეთავს, რუსები იარაღებით დაგვადგნენ - ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის პირველი კომენტარი

22.01.25 20:27
საზღვარი არ გადაგვიკვეთავს, რუსები იარაღებით დაგვადგნენ - ოკუპანტების მიერ გატაცებული  ექიმის პირველი კომენტარი

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებული ალექსი მამულია მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. 

სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი, რომელიც რუსებმა უკანონოდ დააკავეს, ამბობს, რომ ნიქოზში ნათესავის დასახმარებლად მიდიოდა, რა დროსაც შეიარაღებული ოკუპანტები "დაადგნენ" და იზოლატორში გადაიყვანეს. 

"ციხეში ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - აღნიშნავს ალექსი მამულია, რომლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სუს-მა დღეს დაადასტურა. 

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, ექიმი ვარ, ახლობელთან შესახვედრად ვიყავი, ვისთვისაც უნდა ჩამეტარებინა კონსულტაცია. ცხინვალში მცხოვრებია ეს ადამიანი, ქართველია წარმოშობით. ის უნდა მოსულიყო ახლოს საოკუპაციო ზოლთან. რა თქმა უნდა, საზღვარი, ადგილმდებარეობა არ ვიცოდი, გავიყოლე ჩემი ნათესავი ივანე ჯაფიაშვილი, რომელმაც მიმასწავლა საზღვარი და ის ადგილი, სადაც უნდა შევხაროდი. ჩვენი ფიქრით, არ გადაგვიკვეთია საოკუპაციო საზღვარი, მაგრამ რუსებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ გადაკვეთილი გვქონდა. სრულიად მოულოდნელად მოგვადგნენ იარაღებით და ნიღბებით და განგვიცხადეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ საზღვარი. წაგვიყვანეს ცხინვალის სამხედრო ბაზაზე, სადაც დაკითხვა ჩატარდა და შემდეგ გადაგვიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც გვამყოფეს შვიდი დღე. მეშვიდე დღეს სასამართლო ჩაგვიტარდა.

მოპყრობა იყო კარგი, პირობები იყოს კარგი, ციხის პირობებში შეზღუდული აბსოლუტურად არაფერში არ ვიყავით. ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია, კვება ნორმალური იყო“, - განაცხადა ალექსი მამულიამ.

ცნობისთვის, რუსმა საოკუპაციო ძალებმა თავდაცვის სამინისტროს ექიმი ალექსი მამულია და მასთან ერთად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ვანო ჯაფიაშვილი 2025 წლის 5 იანვარს გაიტაცეს.

დღეს, 22 იანვარს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი გაათავისუფლეს.