დოიაშვილი: "გერმანიიდან მსახიობთა უფლებადამცველი ჩამოვა - ვფიქრობთ, ანდრო ჭიჭინაძესთან მოსანახულებლად შევიყვანოთ"
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის მოსანახულებლად გერმანიიდან საქართველოში უფლებადამცველი ჩამოვა.
"ვფიქრობთ, შევიყვანოთ ანდრო ჭიჭინაძესთან და ის, ალბათ, ცალკე გააკეთებს განცხადებას" - ამბობს რეჟისორი და აღნიშნავს, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღშფოთება თეატრის ევროპულმა კავშირმა გამოხატა.
თეატრის ევროპული კავშირი გამოთქვამს აღშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში, მითუმეტეს სახელოვნებო სფეროში. მისმა ოფისებმა იტალიაში, გერმანიაში ცალკე გააკეთეს მიმართვები, რომელიც ჩვენ Facebook გვერდზე დევს და ბევრი ხელმოწერა დაგვიგროვდა დასახმარებლად.
ასევე გერმანიასთან ერთად გაკეთდა ერთობლივი პროექტი ნინო ხარატიშვილის ინიციატივით. ახლახან ველოდებით, რომ გერმანიიდან ჩამოვა მსახიობთა უფლებადამცველი. ვფიქრობთ, შევიყვანოთ ანდრო ჭიჭინაძესთან, მოინახულოს და ის, ალბათ, ცალკე გააკეთებს განცხადებას.
ყველა თეატრმა, ყველა რეჟისორმა გამოგზავნა წერილი და ყველა ელოდება, რა შეუძლიათ გააკეთონ, როგორ დაეხმარონ თეატრს. გამოხმაურებები ბევრია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჩვენვე უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე", - ამბობს დავით დოიაშვილი.