"ეს არის მისი ტრიუმფი, ამით დაიწყება რეჟიმის ნამდვილი დანგრევა" - ნანა ჯანელიძე მზია ამაღლობელზე
გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, რომელიც რეჟიმმა გისოსებს მიღმა გამოკეტა, რეჟისორი ნანა ჯანელიძე "ტვ პირველის" ეთერიდან სოლიდარობას უცხადებს.
ნანა ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ მზია ამაღლობელისთვის თავისუფლების აღკვევით სისტემის განადგურება დაიწყება - "ეს არის მისი ტრიუმფი, ამით დაიწყება რეჟიმის ნამდვილი დანგრევა".
მზია ამაღლობელზე რომ გავიგე, არც ვიცოდი, რომ "ბათუმელები" მისი იყო, თან რომ დავინახე, როგორი ქალი იყო, ვიფიქრე, რომ ეს არის მისი ტრიუმფი, ამით დაიწყება რეჟიმის ნამდვილი დანგრევა. როდესაც ასეთ ადამიანს იჭერ, თან ასე იჭერ და ასე ირცხვენ თავს, ესე იგი, შენ უკვე დანგრეული ხარ. ახლა ყველაფერი სწრაფად და სწრაფად წავა. სისტემა იმდენ შეცდომას უშვებს, უფრო და უფრო, აერთიანებს ხალხს. წარმოუდგენელია, რომ ამათ რაიმე გაუვიდეთ", - ამბობს ნანა ჯანელიძე.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ამასთან, პროტესტის ნიშნად, დაკავებულმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და თითოეულ მოქალაქეს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.