საქალაქოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

23.01.25 10:01
საქალაქოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

სასამართლო სხდომას ესწრება თავად გიორგი ბაჩიაშვილიც. მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ბაჩიაშვილმა უპასუხა: „არ ვცნობ ამ ბრალდების ლეგიტიმურობას, საერთოდ არალეგიტიმურია ეს ბრალდებები და ეს პროცესი", 

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.