ბაჩიაშვილი ივანიშვილის სასამართლოში მისვლას ითხოვს
ბაჩიაშვილი სასამართლო დარბაზში ივანიშვილის მისვლას ითხოვს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ოლიგარქის პირისპირ გეგმავს, რომ მისი სიმართლე დაატკიცოს. მხილების ნამდვილი სერია სწორედ ამ დროს შედგება - ახლა ჯერი ოლიგარქზეა, მივა თუ არ ის სასამართლოში.
სასამართლოდან გაქცევა ივანიშვილის ხელწერაა და ესეც ფაქტია, ასე მოხდა ბერმუდაშიც, სადაც მისი მილიონების ბედი წყდებოდა - განაცხადა ბაჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი ვერც საქართველოში გაბედავს სასამართლოში მისვლას.
ველოდები, ამ შენობაში როდის წარსგდება ბიძინა ივანიშვილი, რომ პირადად მისი აქ ყოფნის დროს დავამტკიცო, რომ ეს ყველაფერი არის მისი ფაბრიკაცია. ივანიშვილს ეშინია ნებისმიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვაც კი. მე ამის პირადი გამოცდილება მაქვს. არც ბერმუდის სასამართლოში, არც სინგაპურის სასამართლოში ის არ მისულა, ყველაფერი იღონა, ექიმებს ცნობები აწერინა, ვითომ მისთვის ფრენა არ შეიძლებოდა, როცა მასთან ერთად ნაფრენი ვიყავი რამდენჯერმე, და ეს იმისთვის, რომ იმ სასამართლო პროცესზე არ გამოჩენიოლიყო, რომელშიც ის მართალი იყო. შესაბამისად აქცა, პროკურორიც და თვითონ ივანიშვილი ყველანაირ ზეწოლას განახორციელებს მათ შორის სასამართლოზეც, რომ ის აქ არ გამოჩნდეს და სამწუხაროდ, სასამართლო ვერაფერს ვერ იზამს და დაემორჩილება ივანიშვილის ნებას. თქვენ, როგორც მოსამართლემ უნდა უზრუნველყოთ ივანიშვილის აქ გამოჩენა. ის იმყოფება საქართველოში, მას არ აქვს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, არც ჩართვა არ უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს ჩემს პირისპირ მისი წარდგენა", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
საქმის პროკურორი ირწმუნება, რომ აღნიშნულ საქმეზე აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, თუმცა ვიხილავთ თუ არა ივანიშვილს სასამართლოში, ან ხომ არ ჩაერთვება ის სხდოამს დისტანციურად, ამაზე პროკურორს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს არსებითი ხასიათის ინფორმაცია. ყველა დაიკითხება საერთო წესების დაცვით", - განაცხადა პროკურორმა.
სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ხვალ პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.