ხმაური და დაპირისპირება თსუ-ში - სტუდენტების თქმით, მათ დაცვის წევრები და უცხო პირები მიუგზავნეს

23.01.25 12:22
ხმაური და დაპირისპირება თსუ-ში - სტუდენტების თქმით, მათ დაცვის წევრები და უცხო პირები მიუგზავნეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმაური და დაპირისპირება იყო - ბიბლიოთეკის შენობაში გამაგრებულ "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრებს დაცვის სამსახური მიუგზავნეს. 

ახალგაზრდების ინფორმაციით, ადგილზე ასევე უცხო პირებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც სტუდენტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც ჰქონდათ. 

ბიბლიოთეკაში მიგზავნილმა პირებმა სტუდენტების მიერ აღმართული ბარიკადები დაშალეს და შვილების თაობა შენობიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყვანეს. 

ჩვენ ვართ მაისის სტუდენტური მოძრაობა და დავიკავეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გუშინ. ვითხოვდით დაკავებულების გათავისუფლებას, მაგრამ დილით, როდესაც სტუდენტები გარეთ იყვნენ შეკრებილები, ფორმაში გადაცმული უფხო პირები ღრიალით და მუშტის ღერებით შემოვიდნენ. იყვნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, იყვნენ გადაცმული, უცხო პირები, რომელთაგანაც წამოვიდა აგრესია, ძალადობის მცდელობა", - ამბობს სტუდენტი. 

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი "მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" 22 იანვარს დაიკავა - ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელეს და როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას, ასევე "ქართულ ოცნებას" მოთხოვნები წაუყენეს. 

სტუდენტები, პირველ რიგში, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, ხოლო შემდგომ საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას, სტიპენდიის გაზრდას, მაღალი გადასახადების გაუქმებასა და განათლების ეფექტურ რეფორმებს ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები