"სანამ ერუდირებულ ადვოკატობაზე გექნებათ პრეტენზია, ჯერ უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიმეცნეთ" - ზვიად ცეცხლაძის პასუხი მდინარაძეს

23.01.25 12:32
"სანამ ერუდირებულ ადვოკატობაზე გექნებათ პრეტენზია, ჯერ უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიმეცნეთ" - ზვიად ცეცხლაძის პასუხი მდინარაძეს

სინდისის პატიმრის პასუხი მამუკა მდინარაძეს - "ქართული ოცნების" არაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენელს ამჯერად გლდანის საპყრობილიდან ზვიად ცეცხლაძე წერს.

აბსურდული ბრალით დაკავებული სტუდენტი მდინარაძეს მოუწოდებს, შეიმეცნოს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ისე ისაუბროს რეჟიმის ტყვეებზე.

  • საქმე მდინარაძის იმ განცხადებას ეხება, რომლითაც მან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩადგომა შესთავაზა, იმ შემთხვევაში  თუ ანდრო გაითავისებდა, რა ჩაიდინა".

სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის რეჟიმს განზრახ აქვს დაწყებული უკანონო პატიმრების დისკრედიტაციის კამპანია.

"ვერ გაგვტეხთ, ვებრძვით რაშისტებს, რომლითაც სავსეა "ქართული ოცნება"" - წერს სინდისის პატიმარი საკნიდან გამოგზავნილ წერილში.

ვერ გაგვტეხეს და ამიტომ დაიწყეს დემაგოგიური კამპანია ჩვენი იმიჯის შესალახად. ვიხილეთ მდინარაძის გამოსვლა ანდროს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ანდროს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კარგად ვიცნობ პროპაგანდას, რომელსაც მდინარაძე მიმართავს: “თუ ასე გძულს რუსები, მაშინ მათ ფილმებში რატომ იღებ მონაწილეობას?”

აქ მდინარაძე ცდილობს ანდროს ფარისევლად და უპრინციპოდ წარმოჩენას. ამვადროულად, განზრახ მალავს იმ ეთნიკურად რუსი რეჟისორის პოლიტიკურ ფასეულობებს, რომელიც მისსაზე ბევრად ანტიპუტინისტური და პროქართულია. მიზანმიმართულად აიგივებს ეთნიკურად რუსისა და რაშიზმის ცნებებს. 

რაშიზმი ეწოდება იდეოლოგიას, რომლის მთავარი მიზანია ემსახუროს იმპერიალისტურ რუსეთს (როგორც მესამე რომს). რაშისტი არის ადამიანი, რომელიც მიუხედავად თავისი ეროვნული წარმომავლობისა, ემსახურება რუსულ იმპერიალიზმს და ცდილობს მის დამკვიდრებას მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საკუთარ სამშობლოში.

ჩვენც სწორედ ამ რაშიზმსა და რაშისტებს ვებრძვით (რომლითაც სავსეა ქართული ოცნება). არამც და არამც ეთნიკური ნიშნით რუსებს! ჩვენში მიუღებელია ეთნიკური ზიზღი და შოვინიზმი!

და ბოლოს, ბატონო მდინარაძე, სანამ ერუდირებულ ადვოკატობაზე გექნებათ პრეტენზია, ჯერ უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიმეცნეთ, სანამ დამნაშავედ მოიხსენიებთ კაცს, რომელსაც ბრალი დამტკიცებული არ აქვს! " - წერს რეჟიმის პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

მსგავსი სიახლეები