საერთაშორისო მედიაორგანიზაციები: გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, შეწყდეს მედიის დევნა

23.01.25 14:14
საერთაშორისო მედიაორგანიზაციები: გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, შეწყდეს მედიის დევნა

საერთაშორისო მედიაორგანიზაციები დაკავებული მზია ამაღლობელის გარშემო ერთიანდებიან - პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორისთვის ციხის კარის გაღებას მოითხოვენ.

საერთაშორისო მასშტაბით მომუშავე მესამე სექტორი ასევე მოითხოვს მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ გამოძიების ზედმიწევნით ჩატარებას.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დევნა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ზედმიწევნით გამოძიებას მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ“ — წერია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერთა სია:

  • პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
  • პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
  • ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ)
  • Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT)
  • Free Press Unlimited (FPU)
  • იუსტიციის ფონდი ჟურნალისტებისთვის (JFJ)
  • IMS (საერთაშორისო მედია მხარდაჭერა)
  • მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი (MDI)
  • მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში (MDI WB)
  • PEN International
  • სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD)
  • ქეითი კილი, ლი ჰილსის თავმჯდომარე თავისუფალი პრესის კვლევებში, მისურის ჟურნალისტიკის სკოლა
  • ჟურნალისტთა საზოგადოება (ვარშავა)

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

ამასთან, პროტესტის ნიშნად, დაკავებულმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და თითოეულ მოქალაქეს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები