სასამართლოში გიორგი ახობაძის საქმის განხილვა იწყება - დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ექიმ გიორგი ახობაძის საქმის განხილვა იწყება. რეჟიმის უკანონო პატიმრის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვას, პატიმრობა თავისუფლებით შეცვლას ითხოვენ..
ახობაძემ, რომელიც ლოგინად ჩავარდნილი დედის ერთადერთი მომვლელი იყო და მშობლის გარდაცვალების შესახებ ციხეში გაიგო, ერთ-ერთია, ვისაც რეჟიმი ანტირუსულ აქციებზე დგომის გამო სჯის და მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრება.
დაცვის მხარეს ექნება გარკვეული შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩხრეკა, რომელიც ჩატარდა გიორგი ახობაძესთან მიმართებაში, ჩატარდა კანონის არსებითი დარღვევით. შესაბამისად, მოვითხოვთ, მოსამართლემ მტკიცებულებები ცნოს დაუშვებლად. გარდა ამისა, დაცვის მხარე ბუნებრივია, სადავოდ გავხდით ბრალდების მხარის მიერ წამოდგენილ ყველა მტკიცებულებას და აგრეთვე წინასასამართლო სხდომაზე განვიხილავთ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხს. მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ სავარაუდოდ, ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ძალაში დარჩეს პატიმრობა და ამის საპირწონედ, ბუნებრივია, დაცვის მხარე მოსამართლესთან დავაყენებთ შესაბამის შუამდგომლობას, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს, თუმცა, ალტერნატივის სახით, ჩვენს მიერ აუცილებლად იქნება შეთავაზებული გირაო", - განაცხადა ადვოკატმა.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.
დედას გადატანილი ჰქონდა ინსულტი და ვერ მეტყველებდა. შვილი კი მის გვერდით იმ დრომდე იყო, ვიდრე ექიმ ახობაძეს რეჟიმი ციხეში გამოკეტავდა. მშობლის გარდაცვალება ოლიგარქის მსხვერპლმა ციხეში შეიტყო.
ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.