"ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაა, გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში" - ანდრო ჭიჭინაძის წერილი ციხიდან
სინდისის პატიმარმა ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასს სახალხო მანიფესტის ფარგლებში წერილი გაუგზავნა - უკანონოდ დაკავებული მსახიობის გზავნილები მისსავე კოლეგამ, გივიკო ბარათაშვილმა თეატრის წინ შეკრებილ საზოგადოებას გააცნო.
რეჟიმის ტყვემ წერილი თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო - "თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა ღირსეულ გარემოში იცხოვროს".
გივიკო ბარათაშვილმა ანდრო ჭიჭინაძის წერილიდან ის ფრაგმენტიც წაიკითხა, სადაც მსახიობი ახალგაზრდებს მიმართავს და ეუბნება, რომ ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი თითოეული მოქალაქის დანიშნულებაა, "გადაარჩინონ ადამიანი ადამიანში".
წერილს TVPIRVELI.GE უცვლელად გთავაზობთ:
“სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად; ნაცნობებს და უცნობებს; თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გაზირებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული.
ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერ უარყოფითი გადაითარგმნება დადებითში და სიყვარულში. ალბათ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის - გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით”, - წერს ჭიჭინაძე.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის გეგმა ცნობილია - ხელოვანები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს იწყებენ.