ადამიანები, რომლებმაც ბოროტება და უსამართლობა საკუთარი თვალით იხილეს, არ დანებდებიან - კინწურაშვილი
სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით დღეს დაგეგმილ მასშტაბურ მსვლელობას მსახიობი კახა კინწურაშვილიც შეუერთდება და ამ ფორმით მისსავე კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძეს სოლიდარობას გამოუცხადებს.
კახა კინწურაშვილი დარწმუნებულია, რომ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თვალით ბოროტება და უსამართლობა იხილეს, არ დანებდებიან.
რეჟიმის პატიმრებისთვის მარშის ჩატარება უმნიშვნელოვანესია. ყველა მარშს თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მეტად დავინახავთ ერთმანეთს, ერთმანეთის თვალებს, ეგ გაგვაძლიერებს და მოგვცემს შეგრძნებას, რომ არ დავიღალოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ადამიანი არ აპირებს დანებებას, ვინც ეს ბოროტება და უსამართლობა საკუთარი თვალით იხილა", - ამბობს კახა კინწურაშვილი.
საქართველოში პროტესტის 58-ე დღეა - თბილისში ცხრა საპროტესტო მარში გაიმართება. მსვლელობები დაანონსებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ.
მარშები 15:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად, მსვლელობა საფრანგეთის საელჩოდან ბრიტანეთის საელჩომდე გაიმართება. სწორედ ამ ფორმით შეეცდებიან მოქალაქეები სტრატეგიულ პარტნიორებს შეახსენონ, რომ ივანიშვილის რეჟიმზე წნეხის გაძლიერება საჭიროა.
ამასთან, 24 იანვარს მოქალაქეები სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ გაერთიანდებიან. დაპატიმრებული მსახიობის მეგობრები და კოლეგები თეატრთან შეიკრიბებიან და მარჯანიშვილის მოედნიდან 19:00 საათზე მსვლელობას დაიწყებენ.
პარალელურ რეჟიმში, მარშები ავლაბრის მეტროდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება. ციხეში მოშიმშილე ჟურნალისტისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მედიის წარმომადგენლები კი ეთიკის ქარტიის ოფისთან აპირებენ მისვლას. საბოლოო ლოკაცია კი პარლამენტი იქნება.