"ჩემს შეფერხებას ცდილობდნენ" - ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილს იზოლატორში ნომერი დაუბლოკეს
რეპრესიების ახალი სერია გომელაურის უწყებამ უკვე იურისტების წინააღმდეგ დაიწყო. ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ირწმუნება, რომ მას დიღმის იზოლატორში ნომერი დაუბლოკეს. უფლებადამცველს აქვს განცდა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმ ადამიანის ზარებით შეწუხდნენ, ვინც რეჟიმის გაპროტესტების გამო დაკავებულ ბევრ ადამიანს იცავს.
ინტერესების დამცველი დიღმის მესამე იზოლატორის ხელმძღვანელობას მიმართავს და მისი ნომრის განბლოკვას ითხოვს, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან დაკავშირება და მათი მოკითხვა შეძლოს.
ადვოკატი ნომრის დაბლოკვას მისი დასაცავი პირის, შალვა მაღრაძის მონახულებას უკავშირებს, რომელიც იზოლატორში შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. სავარაუდოდ, მოღრაძე იმ საკვებით მოიწამლა, რომელსაც იზოლატორში აწვდიან. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა გუჯა ავსაჯანიშვილმა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა. სწორედ ამის შემდეგ შეიტყო ადვოკატმა, რომ მისი ნომერი დაბლოკეს.
შალვა მაღრაძეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და იზოლატორი ვალდებულია, მის ადვოკატს ან ოჯახს შეატყობინოს. ნაცვლად ამისა, იზოლატორი აკეთებს ასეთ რაღაცას, ადვოკატი როდესაც მიდის და ხვდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პრობლემა აქვს და ცდილობს, მყისიერად შევიდეს, მისი შეფერხების მიზნით ბლოკავს ადვოკატის ნომერს. მეორე გარემოება, რაც იზოლატორში ხდება, არის ის, რომ ექიმების მხრიდან არ ხდება ეფექტური მკურნალობა, რაც ნათლად მტკიცდება იმით, რომ როდესაც ბრალდებული ან დაცვის ქვეშ მყოფი პირი ითხოვს, რომ გადაყვანილი იქნეს სამედიცინო დაწესებულებაში, საათობით ალოდინებენ იმის გამო, რომ თითქოსდა სიტყვაზე არ ენდობიან. ასეთი ქმედებები პირდაპირ ავლენს სისტემურობას სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ყველა უწყება ცდილობს, რომ დაცვის მხარეს ხელი შეუშალოს კონკრეტული მოქმედებების განხორციელებაში, - ამბობს ავსაჯანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატი გუშინ იზოლატორში არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი პირის, ბექა პაპაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.