"რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორი მზია ამაღლობელის პატიმრობას ემხრობა
"რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორი გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" რედაქტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობას ემხრობა - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
არალეგიტიმური პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა სალია ირწმუნება, რომ კრიტიკულად განწყობილმა ჟურნალისტმა, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც უნდა დაისაჯოს.
"ორმაგ სტანდარტებს რატომ ვქმნით?!" - კითხულობს პაატა სალია, რომელიც ირაკლი დგებუაძის მიერ მზია ამაღლობელისთვის სახეში შეფურთხების ფაქტს მედიასთან საერთოდ არ ახსენებს.
გავათავისუფლოთ ვიღაც, იმიტომ, რომ მედიის ან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელია და ა.შ... ჩემი აზრით, დაუშვებელია. თუ არსებობს გათავისუფლების კრიტერიუმები, უნდა გათავისუფლდეს. რაზე ვსაუბრობთ? რადგან ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელია, პოლიციელს თუ ხელი გაარტყა, უნდა გავათავისუფლოთ და სხვა ადამიანმა რომ გაარტყას პოლიციელს ხელი, ის უნდა დავსაჯოთ? ორმაგ სტანდარტებს რატომ ვქმნით და რატომ ვუქმნით საზოგადოებას ასეთ მოლოდინებს?", - აცხადებს პაატა სალია.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ამასთან, პროტესტის ნიშნად, დაკავებულმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და თითოეულ მოქალაქეს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.