MDIF "ქართულ ოცნებას" მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოუწოდებს

24.01.25 13:00
MDIF "ქართულ ოცნებას" მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოუწოდებს

მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. 

MDIF საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტიკის დაკავებასთან დაკავშირებით აღშფოთებას გამოხატავს. 

MDIF 12 იანვარს, მზია ამაღლობელისთვის ხელბორკილების დადების დეტალებს და სასამართლო პროცესებსაც იხსენებს და წერს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, აღკვეთი ღონისძიების სახით ჟურნალისტის პატიმრობაში დატოვება პოლიტიკურად მოტივირებულია. 

ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, რომ წინასწარი პატიმრობა არ არის მართებული გადაწყვეტილება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქალბატონი მზია ამაღლობელი და გამოიძიოს მისი დაკავების გარემოებები", - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

ამასთან, პროტესტის ნიშნად, დაკავებულმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და თითოეულ მოქალაქეს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები