მოვუწოდებ ყველას, გამოვიდნენ მარშებზე და მაქსიმალურად დაგვიჭირონ მხარი - ზურაბ ცეცხლაძე

24.01.25 13:20
მოვუწოდებ ყველას, გამოვიდნენ მარშებზე და მაქსიმალურად დაგვიჭირონ მხარი - ზურაბ ცეცხლაძე

სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად ქუჩაში დღეს რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებიც იდგებიან - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობის მუხლით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა მიიჩენს, რომ მასობრივი მარშები უკანონოდ დაკავებულების მხარდასაჭერად უმნიშვნელოვანესია. 

ზურაბ ცეცხლაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოს მასშტაბით გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღონ და ამ ფორმით საკუთარი აზრი დააფიქსირონ. 

მშვიდობიანი მანიფესტაციები, მასობრივი მარშები უმნიშვნელოვანესი არის. ეს არის პირდაპირი მანიშნებელი, თუ რა ხარისხის მხარდაჭერა აქვთ პოლიტპატიმრების ოჯახებს. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად დაგვიჭირონ მხარი, გამოვიდნენ მარშებზე, მანიფესტაციებზე და დააფიქსირონ თავისი აზრი", - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე. 

საქართველოში პროტესტის 58-ე დღეა - თბილისში ცხრა საპროტესტო მარში გაიმართება. მსვლელობები დაანონსებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ. 

მარშები 15:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად, მსვლელობა საფრანგეთის საელჩოდან ბრიტანეთის საელჩომდე გაიმართება. სწორედ ამ ფორმით შეეცდებიან მოქალაქეები სტრატეგიულ პარტნიორებს შეახსენონ, რომ ივანიშვილის რეჟიმზე წნეხის გაძლიერება საჭიროა.

ამასთან, 24 იანვარს მოქალაქეები სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ გაერთიანდებიან. დაპატიმრებული მსახიობის მეგობრები და კოლეგები თეატრთან შეიკრიბებიან და მარჯანიშვილის მოედნიდან 19:00 საათზე მსვლელობას დაიწყებენ. 

პარალელურ რეჟიმში, მარშები ავლაბრის მეტროდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება. ციხეში მოშიმშილე ჟურნალისტისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მედიის წარმომადგენლები კი ეთიკის ქარტიის ოფისთან აპირებენ მისვლას. საბოლოო ლოკაცია კი პარლამენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები