"მუქარის წერილი არ ყოფილა" - ოლიგარქის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ივანიშვილს ბაჩიაშვილთან გარიგება სურდა
საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე თავად მომჩივანი არ იმყოფება. მოსამართლის კითხვებს მისი ინტერესების დამცველი პასუხობს.
ოლიგარქის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე დღეს დაადასტურა, რომ ივანიშვილის სახელით ბაჩიაშვილს წერილი სწორედ მან გადასცა. წერილში შეთვლილი იყო გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის გრაფიკიც გასაზღვრული იყო. წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა.
ინტერესების დამცველი დღეს ამტკიცებდა, რომ ივანიშვილს ბაჩიაშვილთა გარიგება სურდა და მუქარას და თანხის გამოძალვას ადგილი არ ჰქონია.
იურისტმა არ უპასუხა კითხვას, მივა თუ არა პროცესზე თავად მომჩივანი და უპასუხებს თუ არა ბაჩიაშვილის კითხვებს.
ჩვენი უფლებები არის შელახული. ჩემი მარწმუნებლის ბიტკოინები არის მითვისებული და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის, არავითარი კრიმინალური "შოტჩიკები" არავისთვის აქვს ჩართული. ეს იყო შეთავაზება, რომელიც პირადად ჩემი ტელეფონიდან გადაეგზავნა მის წარმომადგენელს ვოცაფის მეშვეობით, "შეთავაზება" ერქვა ამას. დაზარალებული მხარის პოზიცია გამოვხატე. საქმეში ჩემი მარწმუნებელი, ბიძინა ივანიშვილი არის ინვესტორი, ეს არის მთავარი. მუქარის წერილს ვერ დავარქმევ ამას, ეს იყო ჩვეულებრივი მოლაპარაკება. ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ შესაძლოა, მორიგება მომხდარიყო მხარეებს შორის. არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე ასეთი რაღაცეები გასაკვირი არ არის. პირიქით, ელემენტარული პირობაა. მათ ჰქონდათ გაჟღერებული პოზიცია, ის, რომ რაღაც გარკვეულ პირობებზე თანახმა იყვნენ, ეს ჩვენი მხარისთვის მიუღებელი იყო, მერე ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი პოზიცია, - ამბობს იურისტი თეიმურაზ წიქვაძე.
ის, რომ დასაკითხთა სიაში ბიძინა ივანიშვილიცაა, პროკურორი ადასტურებს, თუმცა მივა თუ არა საქალაქო სასამართლოში ივანიშვილი თუ ვიდეოჩართვა ექნება, ბრალდების მხარე ვერ პასუხობს.
დადასტურდა, რომ დაზარალებული იყო ინვესტორი და სწორედ ბრალდებულმა, რეალურად, ეს თანხა მიითვისა და უკვე შემდგომ მოახდინა ამ აქტივების ლეგალიზაცია. განვმეორდები და დაგიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად ყველა მოწმის დაკითხვა მოხდება სასამართლოზე, ვინც ფლობს არსებითი ხასიათის ინფორმაციას, - ამბობს მიხეილ სადრაძე.
თავად ბაჩიაშვილი კი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილების მიმღები, რეალურად, არა სასამართლო, არამედ თავად ივანიშვილია. ის ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.