"ე.წ. მთავრობამ მოახერხა და ერთ მუშტად შეგვკრა, ჩვენ ერთმანეთით ვცოცხლობთ" - ნიკა კაციას დედა

24.01.25 13:27
"ე.წ. მთავრობამ მოახერხა და ერთ მუშტად შეგვკრა, ჩვენ ერთმანეთით ვცოცხლობთ" - ნიკა კაციას დედა

დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას დედა ბრძოლას მიზნის მიღწევამდე აანონსებს - როგორც მარინა აფციაური "პირველებთან" ამბობს, დანებებას იქამდე არ აპირებს, სანამ "ქართული ოცნება" რეჟიმის ტყვეებს არ გაათავისუფლებს. 

სინდისის პატიმრის დედა დღევანდელ მასობრივ მსვლელობაშიც მიიღებს მონაწილეობას - "ე.წ. მთავრობამ მოახერხა და საზოგადოება ერთ მუშტად შეგვკრა".

ყველა ერთმანეთს ვუდგავართ გვერდით. ერთმანეთით ვცოცხლობთ. ერთადერთი, რაც ამ ე.წ. მთავრობამ მოახერხა, ერთ მუშტად შეგვკრა. ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენს ბიჭებთან ერთად. ერთი ქალბატონი გვყავს, თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის პატიმრებს", - ამბობს მარინა აფციაური. 

საქართველოში პროტესტის 58-ე დღეა - თბილისში ცხრა საპროტესტო მარში გაიმართება. მსვლელობები დაანონსებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ. 

მარშები 15:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად, მსვლელობა საფრანგეთის საელჩოდან ბრიტანეთის საელჩომდე გაიმართება. სწორედ ამ ფორმით შეეცდებიან მოქალაქეები სტრატეგიულ პარტნიორებს შეახსენონ, რომ ივანიშვილის რეჟიმზე წნეხის გაძლიერება საჭიროა.

ამასთან, 24 იანვარს მოქალაქეები სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ გაერთიანდებიან. დაპატიმრებული მსახიობის მეგობრები და კოლეგები თეატრთან შეიკრიბებიან და მარჯანიშვილის მოედნიდან 19:00 საათზე მსვლელობას დაიწყებენ. 

პარალელურ რეჟიმში, მარშები ავლაბრის მეტროდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება. ციხეში მოშიმშილე ჟურნალისტისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მედიის წარმომადგენლები კი ეთიკის ქარტიის ოფისთან აპირებენ მისვლას. საბოლოო ლოკაცია კი პარლამენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები