"ნიკას სასამართლოში ბანერის გაშლა სურდა, წარწერით: "იბრძოლეთ საქართველოსთვის", მაგრამ წაართვეს" - ლაშა კაცია
"ნიკას სასამართლოში ბანერის გაშლა სურდა, წარწერით: "იბრძოლეთ საქართველოსთვის", მაგრამ წაართვეს" - ამის შესახებ დაკავებული ჟურნალისტის ძმამ, ლაშა კაციამ "პირველებთან" განაცხადა.
ლაშა კაციას თქმით, დღევანდელს საპროტესტო მსვლელობას შეუერთდება და ქუჩიდან სწორედ მისი ძმის მთავარ სათქმელს გააჟღერებს - "მათ ხმას ციხის კედლები ვერ დაახშობს".
რამდენიმე ადგილიდან დაიძვრება მარში. ეს არის სოლიდარობის კიდევ ერთი გამოხატულება და ასევე იმ ბრძოლის, რომელ ბრძოლაშიც ვიმყოფებით. იმათ ხმას ციხის კედლები ვერ დაახშობს. ჩვენ ვიტყვით მაგ სათქმელს. ნიკუშა ერთ-ერთი ბანერი იყო, რომელიც ბადრაგებმა სასამართლოში გადასვლის დროს წაართვეს და ამ ბანერის გაშლა სასამართლოში უნდოდა, რომ იბრძოლეთ საქართველოსთვის. ნიკუშას ხმას გავახმოვანებთ", - ამბობს ლაშა კაცია.
საქართველოში პროტესტის 58-ე დღეა - თბილისში ცხრა საპროტესტო მარში გაიმართება. მსვლელობები დაანონსებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ.
მარშები 15:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად, მსვლელობა საფრანგეთის საელჩოდან ბრიტანეთის საელჩომდე გაიმართება. სწორედ ამ ფორმით შეეცდებიან მოქალაქეები სტრატეგიულ პარტნიორებს შეახსენონ, რომ ივანიშვილის რეჟიმზე წნეხის გაძლიერება საჭიროა.
ამასთან, 24 იანვარს მოქალაქეები სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ გაერთიანდებიან. დაპატიმრებული მსახიობის მეგობრები და კოლეგები თეატრთან შეიკრიბებიან და მარჯანიშვილის მოედნიდან 19:00 საათზე მსვლელობას დაიწყებენ.
პარალელურ რეჟიმში, მარშები ავლაბრის მეტროდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება. ციხეში მოშიმშილე ჟურნალისტისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მედიის წარმომადგენლები კი ეთიკის ქარტიის ოფისთან აპირებენ მისვლას. საბოლოო ლოკაცია კი პარლამენტი იქნება.