ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელს გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან - საქალაქოში პროცესი იწყება
სახალხო დამცველის აპარატის თანაშრომელს გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მარიამ მოსეშვილის პროცესი იწყება. მოსეშვილი ერთ-ერთია, ვინც პროევროპულ აქციებს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქესთან ერთად ესწრებოდა.
თავად ბრალდებული მოსეშვილი ამბობს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ის შეკრების ადგილზე მივიდა, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეთილი იყო.
ჩვეულებისამებრ ვიყავი საპროტესტო აქციაზე და მედავებიან, რომ ამ დღეს ხელოვნურად გადავკეტე რუსთაველის გამზირი. ბუნებრივია, არ ვეთანხმები იმას, რომ ეს სამართალდარღვევა ჩავიდინე, იმიტომ, რომ როცა მივედი უშუალოდ ადგილზე, ხალხს უკვე დაკავებული ჰქონდა რუსთაველის გამზირი. მოლოდინები, სამწუხაროდ, წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, პოზიტიური არ არის, იმიტომ, რომ მაინც ხდება ხოლმე დაჯარიმება ან მინიმუმ, გაფრთხილების გამოცხადება. ვაპირებ, რომ ბოლომდე მივყვე ამ საქმეს, - ამბობს უფლებადამცველი.
როგორი იქნება მოსამართლის ვერდიქტი, ცნობილი პროცესის დასრულების შემდეგ გახდება.