"რეჟიმის ტყვეები არიან ჩვენი სინდისი და ნამუსი" - დოიაშვილი

24.01.25 14:10
"რეჟიმის ტყვეები არიან ჩვენი სინდისი და ნამუსი" - დოიაშვილი

 

 

"რეჟიმის ტყვეები არიან ჩვენი სინდისი და ნამუსი" - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა "პირველებთან" განაცხადა.

რეჟისორის თქმით, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავში უნდა ოპოვოს ძალა, რომ სინდისის პატიმრებს მხარდაჭერა გამოუცხადონ და მათ გვერდით დადგნენ. 

ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ძალა, რომ მათ (სინდისის პატიმრებს) დავუდგეთ გვერდით. ისინი (სინდისის პატიმრები) არიან ჩვენი სინდისი, ნამუსი. ეს არის როგორც ლაკმუსის ქაღალდი. რა სახელმწიფოშიც ვცხოვრობთ, სწორედ მათ გამოაჩინეს, მათ მიერ უკანონოდ ჩადენილმა დაკავებებმა. მე არ მინდა ვცხოვრობდე ასეთ ქვეყანაში", - ამბობს დავით დოიაშვილი. 

საქართველოში პროტესტის 58-ე დღეა - თბილისში ცხრა საპროტესტო მარში გაიმართება. მსვლელობები დაანონსებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ. 

მარშები 15:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად, მსვლელობა საფრანგეთის საელჩოდან ბრიტანეთის საელჩომდე გაიმართება. სწორედ ამ ფორმით შეეცდებიან მოქალაქეები სტრატეგიულ პარტნიორებს შეახსენონ, რომ ივანიშვილის რეჟიმზე წნეხის გაძლიერება საჭიროა.

ამასთან, 24 იანვარს მოქალაქეები სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ გაერთიანდებიან. დაპატიმრებული მსახიობის მეგობრები და კოლეგები თეატრთან შეიკრიბებიან და მარჯანიშვილის მოედნიდან 19:00 საათზე მსვლელობას დაიწყებენ. 

პარალელურ რეჟიმში, მარშები ავლაბრის მეტროდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება. ციხეში მოშიმშილე ჟურნალისტისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მედიის წარმომადგენლები კი ეთიკის ქარტიის ოფისთან აპირებენ მისვლას. საბოლოო ლოკაცია კი პარლამენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები