"წერილებს ვკითხულობ, ციხიდან თავისუფალი ადამიანების ხმა ისმის" - ნატა მურვანიძე
სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად თბილისში დაანონსებული მარშის მნიშვნელობის შესახებ მსახიობი, ნატა მურვანიძე "პირველებთან" საუბრობს.
ხელოვანს მიაჩნია, რომ სოლიდარობა ქვეყანაში დიდ როლს თამაშობს, რადგან მისივე განმარტებით, "სოლიდარობის გარეშე საზოგადოება არ არსებობს".
სინდისის პატიმრების მარში მნიშვნელოვანია. სოლიდარობის გარეშე არ არსებობს საზოგადოება. მე ვფიქრობ, რომ ჯანმრთელი საზოგადოების გამოძახილია სოლიდარობა, რომელიც უსამართლობას აღუდგა წინ. მე ამ წერილებსაც ვკითხულობ, რომელიც იქიდან გამოდის და მართლა ნათელი თავების, თავისუფალი ადამიანების ხმა ისმის იქიდან, რომელიც ანათებს. საოცარი პროცესის მომსწრე ვართ ყველა. ჩვენ გამოვჯანმრთელდებით", - ამბობს ნატა მურვანიძე.
საქართველოში პროტესტის 58-ე დღეა - თბილისში ცხრა საპროტესტო მარში გაიმართება. მსვლელობები დაანონსებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ.
მარშები 15:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად, მსვლელობა საფრანგეთის საელჩოდან ბრიტანეთის საელჩომდე გაიმართება. სწორედ ამ ფორმით შეეცდებიან მოქალაქეები სტრატეგიულ პარტნიორებს შეახსენონ, რომ ივანიშვილის რეჟიმზე წნეხის გაძლიერება საჭიროა.
ამასთან, 24 იანვარს მოქალაქეები სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ გაერთიანდებიან. დაპატიმრებული მსახიობის მეგობრები და კოლეგები თეატრთან შეიკრიბებიან და მარჯანიშვილის მოედნიდან 19:00 საათზე მსვლელობას დაიწყებენ.
პარალელურ რეჟიმში, მარშები ავლაბრის მეტროდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება. ციხეში მოშიმშილე ჟურნალისტისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მედიის წარმომადგენლები კი ეთიკის ქარტიის ოფისთან აპირებენ მისვლას. საბოლოო ლოკაცია კი პარლამენტი იქნება.