მერიამ ავტობუსებში ჩამონტაჟებული გახმოვანების აპარატების ჩართვა ვერ მოახერხა და ამ დროს უცხო პირები მას გარედან რთავენ - სოფრომაძე
თბილისის მერიიდან გათავისუფლებული გიგა სოფრომაძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ თბილისის ავტობუსებში ჩამონტაჟებული აპარატები, რომლებსაც გახმოვანების სისტემაც აქვთ, შშმ პირებისთვის არის შექმნილი, თუმცა მისი გამართულად მუშაობა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. სოფრომაძის თქმით, ამ ფონზე, უცხო პირებმა მისი ამუშავება შეძლეს და საპროტესტო აუდიოჩანაწერები გაუშვეს.
ავტობუსები ადაპტირებულია როგორც ეტლით მოსარგებლე პირებისთვის, ასევე უსინათლო პირებისთვის. ფუნქციურად ავტობუსებს აქვთ გახმოვანების სისტემა, რომელიც ჩამონტაჟებულია შიგნით და მან უნდა გამოაცხადოს გაჩერებები ზუსტად ისე, როგორც მეტროსადგურებში ცხადდება. ეს განკუთვნილია იმისათვის, რომ უსინათლო პირებმა უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლონ დედაქალაქში.
ეს გახმოვანების სისტემები არ მუშაობს გამართულად. ჯერ არ ირთვებოდა საერთოდ, წლები მოვანდომეთ მის ჩართვას. არაერთი შეხვედრა იყო ამ თემაზე. დღესაც ბევრი ხარვეზია. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ გიგა სოფრომაძის მუშაობა არ იყო საჭირო იქ და ამ დროს, ადამიანები გადახდის აპარატის სისტემაზე ხმას გარედან ურთავენ. მეტი აბსურდი რა შეიძლება იყოს? ავტობუსში დამონტაჟებული გახმოვანების სისტემა ვერ ჩართეს და ამ დროს უცხო პირები გარედან რთავენ გადახდის სისტემაზე ხმას, - ამბობს გიგა სოფრომაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ავტობუსებში საპროტესტო ხმები ისმის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს დილიდან უწყვეტი პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა ესმით.
ავტოტრანსპორტში საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ოლიგარქის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი და "ოცნების" წევრების მიერ პარლამენტში გაკეთებული უხამსი განცხადებებიც ისმის.
სავარაუდოდ, ამ ხმებს ავტოტრანსპორტში დამონტაჟებული საბარათე აპარატები გამოსცემენ.