"არტისტი არ შეიძლება, იყოს ტყვეობაში!" - პროტესტი სამხატვრო აკადემიაში
პროტესტია სამხატვრო აკადემიაშიც. სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხეს სახელწოდებით “დურუჯის” მანიფესტიდან ახალი თეატრის მანიფესტამდე". ლექციას ქეთი შაგულიძე მასპინძლობდა.
ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა პერფორმანსიც გამართეს. მათ შენობის ფასადზე საპროტესტო ბანერებიც გადმოფინეს.
ახალგაზრდები უკვე კვირებია ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. პროტესტი არ გაჩერდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნები შესრულებული არ იქნება, - ამბობენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.
დღეს გვქონდა ჩვენ ლექცია დურუჯის მანიფესტის შესახებ. „დურუჯის“ მანიფესტი გახდა ჩვენთვის ინსპირაცია, გაგვეკეთებინა ეს ბანერი და გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არტისტი არ შეიძლება, იყოს ტყვეობაში, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ტყვეობაში და ის უნდა იყოს თავისუფალი, ცეცხლოვანი, რიხიანი და ა.შ., - ამბობს სტუდენტი.
უკვე მე-9 დღეა სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ღამეს სასწავლებლის შენობაში ათევენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს.