ანდრო ჭიჭინაძე, მგონი, კინოცენტრის დავალებით არის დაჭერილი - ნანა ჯორჯაძე
ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა ჯორჯაძე, რომელიც კინოცენტრთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება, ივანიშვილის რეჟიმს რეპრესიებში ადანაშაულებს.
ნანა ჯორჯაძე "პირველებთან" ამბობს, რომ ხელოვანებს აღარც ფილმების გადაღების საშუალებას აღარ აძლევენ და პროექტებსაც აღარ უფინანსებენ - ""ქართული ოცნების" პოლიტიკაა, რომ საქართველოში არ უნდა იყოს კინო, კულტურა, განათლება, ეკონომიკა".
ამასთან, რეჟისორი ანდრო ჭიჭინაძის დაკავების ფაქტსაც ეხმაურება და პირდაპირ ეთერში ვარაუდს გამოთქვამს, რომ მსახიობი უშუალოდ კინოცენტრის დავალებით დააპატიმრეს.
ქუჩაში პირველი დღიდან ვდგავარ. დღევანდელი პროტესტი იმ კატასტროფის წინააღმდეგ არის, რომლის წინაშეც ქართული კინოა. მე კულტურის სხვა სფეროებზე არ ვალაპარაკებ, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ კინო არის აბსოლუტურად კატასტროფაში. აღარც ფილმებს გვაღებინებენ, აღარც გვაფინანსებენ. კინოცენტრში, რომელიც ამდენი წლის მანძილზე მუშაობდა, ახლა აღარაფერი აღარ არსებობს. ეს არის კატასტროფა.
ეს არის ძალიან გააზრებული აქცია. "ქართული ოცნების" მიერ თავისთვის არჩეული მთავრობის პოლიტიკაა, რომ საქართველოში არ უნდა იყოს კინო, კულტურა, განათლება, ეკონომიკა, უნდა ვიყოთ მათხოვრები, რომ მუხლებში ჩავუვარდეთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ რუსეთს, რომლისკენაც ასე მიისწრაფის "ოცნებას".
ანდრო ჭიჭინაძე, მგონი, კინოცენტრის დავალებით არის დაჭერილი სპეციალურად. ასეთი ფანტასტიკური მსახიობი, მომავლის მქონე, კინემატოგრაფიული, თეატრალური მსახიობი დღეს არაფრის გულისთვის ზის ციხეში და ცდილობენ, რომ საშინელი მუხლები მიუსაჯონ. ეს არის კატასტროფა ჩვენი მთელი ქვეყნის, მისი მომავლის", - ამბობს ნანა ჯორჯაძე.
უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში ხელოვანები კინოცენტრის შენობასთან იკრიბებიან და ცდილობენ, "ქართულ ოცნებას" კრიტიკული ხმა მიაწვდინონ.
ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ბანერი გაშალეს წარწერით - "კინო ტერორის წინააღმდეგ". პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები, რომლებიც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ, სკანდირებენ - "ცეცხლი ოლიგარქიას".
თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გეგმავენ, რომ ზუსტად 18:00 საათზე საგანგებო განცხადება გააკეთონ და საზოგადოებას კონკრეტული სამოქმედო გეგმა გააცნონ იმის შესახებ, თუ როგორ ხედავ ჩიხიდან გამოსვლის გზებს.