ჯგუფური თავდასხმა გახარიაზე - "საქართველოსთვის" ლიდერი ხელს ივანიშვილს ადებს
ფიზიკური ანგარიშსწორებიდან 9 დღეში გიორგი გახარია საჯაროდ გამოჩნდა და საპასუხო შტურმის პირობა დადო. ყოფილი პრემიერის სამიზნე ბიძინა ივანიშვილია. ამბობს, რომ "ოცნების" წევრებმა დანაშაული წინასწარი განზრახვით, ჩასაფრებით და ჯგუფურად ჩაიდინეს და ეს დანაშაული მათ ივანიშვილმა დაუკვეთა.
გახარია ამბობს, რომ 15 იანვარს მომხდარიდან ბევრი რამ არ ახსოვს, რადგან ჯგუფური თავდასხმის შედეგად გონებაც დაკარგა. აქვს ეჭვი, რომ ამ სპეცოპერაციაში ჩართული იყო სასტუმრო "შერატონის" პერსონალიც და ამის დასადასტურებლად რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს.
გახარია- ივანიშვილს შორის დაპირისპირება ახალ და უფრო დრამატულ ეტაპზე გადავიდა. ყოფილი პრემიერი გამოკითხეს და დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს. ეს და ხელისუფლების მიერ პირველივე დღიდან დაწყებული კამპანია აჩენს ეჭვს, რომ მას ეს სტატუსი არ ექნება. დაზარალებულის ნაცვლად ბრალდებულის სტატუსი არც მან გამორიცხა, თუმცა თქვა, რომ ეს არ აინტერესებს.
ახლა მთავარი ინტერესის საგანი "შერატონის" სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია, რომელიც მომხდარს სრულ სურათში ასახავს და რომლის მიწოდებაზეც სასტუმრო ამ დრომდე უარს ამბობს. გახარიას გუნდს აქვს ეჭვი, რომ მთავარ მტკიცებულებებს ანადგურებენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.