თბილისში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
"თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა რეჟიმის პატიმარს" - თბილისში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები მსვლელობით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან დაიძრნენ და ამ წუთებში, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან მივიდნენ. ცოტა ხანში ისინი რუსთაველის გამზირისკენ გააგრძელებენ მსვლელობას.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩანიშვნა და მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.