მსჯიან იმის გამო, რომ ვშიმშილობ... საკანში არანაირი პირობები არ არის - ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილი

25.01.25 11:31
მსჯიან იმის გამო, რომ ვშიმშილობ... საკანში არანაირი პირობები არ არის - ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილი

სინდისის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი გლდანის საპყრობილის 27-ე საკნიდან წერილს აგზავნის - ახალგაზრდა ადვოკატისთვის გადაცემულ წერილში, რომელიც "პირველებს" მიაწოდეს, წერს, რომ შიმშილობის გამო სჯიან. 

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად უკვე მე-3 დღეა საკვებს არ იღებს, პენიტენციური დაწესებულებიდან იტყობინება, რომ სამარტოო საკანში გადაიყვანეს, სადაც არანაირი პირობები არ არის. 

მე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელსაც არაფერი დამიშავებია, ვიმყოფები 27-ე საკანში. ვიმყოფები მარტო, სადაც არანაირი პირობები არ არის. მსჯიან იმის გამო, რომ ვშიმშილობ. ვშიმშილობ მე-3 დღეა", - წერს სინდისის პატიმარი. 

რეჟიმის ტყვის ადვოკატი, გუგა ავსაჯანიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ დასჯის მექანიზმს იყენებენ. 

ციხის ადმინისტრაცია მათ ექცევა დამსჯელობითად. უცვლის და გადაჰყავთ ისეთ საკანში, სადაც ცივა, არ არის ისეთი პირობები, რომელიც შეესაბამება ადამიანის ნორმალურ ყოფას. ნიკოლოზ ჯავახიშვილი აცხადებს და დადასტურებულად ვიცით, რომ იმყოფება 27-ე საკანში, სადაც იმყოფება მარტო. სპეციალურად გადაიყვანეს. ადამიანის მარტო მოთავსება არის დასჯის ერთ-ერთი ფორმა. ადამიანი როდესაც დააშავებს, გადაჰყავთ სამარტოო საკანში. ნიკოლოზი უბრალოდ შიმშილობს და მის მიმართ განხორციელებულია დასჯის ეს მექანიზმი", - ამბობს ადვოკატი. 

ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები